მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო

25 ნოემბერი 2024, 12:08 125 ნახვა

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო, რომელსაც უხუცესი წევრი, ლადო კახაძე უძღვება. 

მისივე განცხადებით, რეგისტრაცია გაიარა 89 დეპუტატმა, შესაბამისად, პარლამენტი უფლებამოსილია სხდომა ჩაატაროს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 85-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მე, როგორც სხდომაზე დამსწრე პარლამენტის უხუცესი წევრი, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გახსნილად ვაცხადებ. პარლამენტის აპარატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის რეგისტრაცია გაიარა საქართველოს პარლამენტის 89 წევრმა. სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ.

დღეს, პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში