გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდა დამაჯერებლად გაიმარჯვა, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადო. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.
"არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც საბოლოო ჯამში დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს შესაბამის წევრებს.
"ძალიან დიდი იყო წნეხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინწინ, თუმცა ცესკოს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოო ჯამში უზრუნველყო არჩენების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკოს და ცესკოს წევრებს ამისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.