გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ესაუბრა

15 ნოემბერი 2024, 20:17 300 ნახვა

ორი წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელის განცხადებით, კანცლერმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, რაც გზას გაუხსნის „სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“.

სააგენტო „როიტერი“-ის ინფორმაციით, რომელიც გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ერთსაათიანი სატელეფონო საუბრისას შოლცმა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვა და უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით. შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული აგრესიისგან დაცვაში, ვიდრე საჭირო იქნება“, – აღნიშნა სპიკერმა.

ამასთან, სპიკერის თქმით, პუტინთან საუბრამდე შოლცი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ საუბრის შემდეგ უკრაინის ლიდერს შეატყობინებს შედეგებს.

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის პირდაპირი კომუნიკაცია ბოლოს 2022 წლის დეკემბერს შედგა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში