ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.მათივე ცნობით, მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ.
მანამდე აქციის მონაწილეები ე.წ პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სატვირთო ავტომობილით გაარღვიეს რკინის ღობე. საპასუხოდ ე.წ პარლამენტის შენობიდან სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შეკრებილებმა რამდენიმე მათგანი, უკან გაისროლეს.
ე.წ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, მომიტინგეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. ვითარების დაძაბვის შემდეგ შეკრებილებთან მოლაპარაკებისთვის გამოვიდნენ ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ასლან ბჟანიას გადასცემენ. დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა.
აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.