კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, ვეძებთ გზებს, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან - სალომე ზურაბიშვილი

11 ნოემბერი 2024, 11:17 234 ნახვა

კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოება არის მართლაც ევროპული, თუმცა ხელისუფლება არ არის დემოკრატიული.

"ჩვენი მეგობრების აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანი. ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს, ჯერ კიდევ, ჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, ქართველი ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე. არაერთხელ კი არა მრავალჯერ, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავალი იყო ეჭვქვეშ საქართველოს მოსახლეობა გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამაიანი, რომელიც იძახის, რომ მე პრაქტიკულად ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე. რადგან ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის გადახვევა ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში.

ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის მართლაც ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც პრაქტიკულად, დაეუფლა ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელი არის რა გადაწყვეტილებას მიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ერთად ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან. მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით გამოვალთ ამ კრიზისიდან, სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში