საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება.
ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge.
მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებს და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე”, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.