პროკურატურასთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი ინტერესიც არის, იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა საარჩევნო კანონმდებლობა, ყველამ კანონის წინაზე აგოს პასუხი - ნათია იოსელიანი

03 ნოემბერი 2024, 19:57 310 ნახვა

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაასრულეს საჩივრების განხილვა და ამჟამად, სასამართლოებში მიმდინარეობს სარჩელების განხილვა.

მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უმრავლესობის მხრიდან არის ხელმოწერილი და გასაკვირია ამის შემდეგ, რაიმე ტიპის დარღვევებზე საუბარი.

„დაცლილი სოფლები, ეს იგივე მანიპულაციაა, ამომრჩეველთა მონაცემებს საქსტატის მონაცემებს რომ ადარებდნენ. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა უპრეცედენტო რაოდენობა გამოცხადდა საარჩევნო უბნებთან. საქართველოში ამომრჩევლები არჩევნებში მონაწილეობენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. არაფერია გასაკვირი ამაში, შესაძლებელია, რომ არ ცხოვრობდე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად მონაწილეობ, სწორედ, იმ მისამართზე, სადაც ხარ რეგისტრირებული.

 

საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაასრულეს საჩივრების განხილვა. ახლა უკვე გადავედით კანონით დადგენილ ფორმაზე, რომელიც გახლავთ სასამართლოებში სარჩელების განხილვა. ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მას შემდეგ, რაც დასრულდება აღნიშნული დავის განხილვა, უფრო დეტალურად შეგვეძლება, ვისაუბროთ და მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია.

 

როგორც იცით, 17 წევრისგან შედგება საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად, სტატისტიკაში ნაჩვენებია, რომ ზოგან 17-ვე კომისიის წევრის მიერ არის ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმები, ზოგან 16, 15, საკმაოდ მაღალი გახლავთ კომისიის წევრების ხელმოწერის რაოდენობა. ხელმოწერა ნიშნავს, რომ აღნიშნული პირი ადასტურებს მოცემულ მონაცემებს. გასაკვირია, რატომ ხდება ამის შემდეგ რაიმე ტიპის დარღვევებზე საუბარი. იყო შესაძლებლობა, დაეწერათ განსხვავებული აზრები საარჩევნო უბნებზე, თუმცა ასეთი ძალიან ცოტაა“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, ნათია იოსელიანმა განმარტა, რომ ცესკო პროკურატურასთან ითანამშრომლებს დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„ცესკო-მ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, არჩევნების მეორე დღესვე, გაჟღერებულ ძალიან მძიმე ბრალდებაზე თავად მიმართა პროკურატურას. ჩვენ ვიყავით ინიციატორი, რომ პროკურატურამ გამოიძიოს ყველა ის დანაშაული, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს. შესაბამისად, პროკურატურასთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი ინტერესიც არის, იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა საარჩევნო კანონმდებლობა და არის სისხლის სამართლებრივი ნიშნები, თუ ეს დადასტურდა, ყველამ კანონის წინაზე აგოს პასუხი“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში