იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა

30 ოქტომბერი 2024, 19:10 284 ნახვა

 

ოზურგეთის საარჩევნო კომისიის წევრი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ თამუნა შიოლაშვილი: იყო მითითება მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა, კომუნიკაციისთვის შექმნილი იყო „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა ძირითადად "ლელოდან" .

მისივე თქმით, იყო მითითება, რომ მიზნად დაესახა, დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა ყველა საკითხზე, მიუხედავად საფუძვლების არსებობისა, თუმცა დარღვევებისა და გადაცდომების დიდი ნაწილი იყო ისეთი ხასიათის, რომელთა აღმოფხვრა იქვე შეიძლებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობის და კოლეგიალურობის ფარგლებში, რაც პირიქით, წაადგებოდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, თუ მისი დამნიშნავების მიზანი ეს იყო და არა ხელოვნურად გამოწვეული ნეგატიური სტატისტიკის მიღება.

მანვე აღნიშნა, რომ კომუნიკაციისთვის შექმნილი იყო ერთიანი კოალიციის „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა, რომელიც იგზავნებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიიდან, ძირითადად "ლელოდან".

„საჯარო განცხადებები ჩემი სტილი არაა, თუმცა დღეს რაც მინდა საჯაროდ ვუთხრა საზოგადოებას, ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება და ჩემს ამ ნაბიჯსაც გასაგებს გახდის. ვინც მიცნობს, იცის რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობდი, თუმცა მთავარი ჩემთვის პედაგოგის მისია და ახალგაზრდების აღზრდა - განათლებაა. აქედან გამომდინარეც ვერ მივცემ თავს უფლებას, გავჩუმდე და დავმალო ის რეალობა, რასაც ამ არჩევნებზე წავაწყდი კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ ერთ-ერთი საოლქო კომისიის წევრის რანგში.

წევრობის შეთავაზებას დავთანხმდი იმ რწმენით, რომ ჩემი ცოდნა და მოქალაქეობრივი ვალის განცდა ხელს შეუწყობდა კანონიერებისა და სამართლიანობის დაცვას და საბოლოო ჯამში მოკრძალებული წვლილის შეტანას არჩევნების ჩატარებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ასეთი განწყობით ვმონაწილეობდი ტრენინგებში სხვა კოლეგებთან ერთად და შემდეგ უკვე საარჩევნო კომისიის საქმიანობაში. თუმცა თანდათან ჩემი დამნიშნავი პირების მხრიდან აშკარად დაიწყო და სისტემატური ხასიათი მიიღო გადაწყვეტილებებში კომისიის წევრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობებმა, პირდაპირმა ჩარევებმა მითითებების და კატეგორიული დირექტივების სახით, რომელთა შინაარსი რიგ შემთხვევებში ნაკლებად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს და ელემენტარულად მორალს.

მაგალითად მითითება, რომ საუბნო კომისიების წევრების არჩევისას არავითარ შემთხვევაში მხარი არ დამეჭირა კანდიდატურებისთვის, რომელთა შორის იყო ბევრი წესიერი, გამოცდილი ადამიანი, მათ შორის ჩემი კოლეგა პედაგოგები. მიზნად დამესახა დაწერილიყო საჩივრების მაქსიმალური რაოდენობა ყველა საკითხზე, მიუხედავად საფუძვლების არსებობისა, თუმცა დარღვევებისა და გადაცდომების დიდი ნაწილი იყო ისეთი ხასიათის, რომელთა აღმოფხვრა იქვე შეიძლებოდა კონსტრუქციული თანამშრომლობის და კოლეგიალურობის ფარგლებში, რაც პირიქით, წაადგებოდა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებას, თუ ჩემი დამნიშნავების მიზანი ეს იყო და არა ხელოვნურად გამოწვეული ნეგატიური სტატისტიკის მიღება. საერთოდ მიუღებელი მგონია მითითება, ბოიკოტირება მოგვეხდინა სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების, არ მიგვეღო მონაწილეობა და ხელი შეგვეშალა დანარჩენებისთვის ამ პროცედურების განხორციელებაში, პირდაპირ ვიტყვი „ჩასაფრებულის პოზიციაში“ უნდა ვყოფილიყავი გადათვლების და სხვა პროცედურების ნაწილშიც.

ასე გრძელდება დღევანდლამდე, რაც გრძელდება დღევანდლამდე და გაუგებარია, რა არის ჩვენი პოლიტიკური ძალის რეალური მიზანი - სიმართლე გვაინტერესებს და წარმატებული არჩევნების ჩატარება თუ საბაბების შექმნა აჟიოტაჟისთვის? მიუხედავად ჩემი მცდელობებისა, რომ რეალური მდგომარეობა ამეხსნა ხელმძღვანელობისთვის, ინფორმაცია რომ ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობდა კანონიერად, მშვიდად, ისე როგორც ვისწავლეთ ტრენინგების დროს, წავაწყდი რაღაც გაუგებარ გაღიზიანებას მათი მხრიდან და პირდაპირ დირექტივებსაც, რომ ჩემი საქმე არაა პროცესების შეფასება და საარჩევნო ადმინისტრაციის დახმარება, არამედ უნდა შევასრულო ის, რასაც ხელმძღვანელი მეუბნება ზედმეტი ჩაძიების და კითხვების გარეშე.

ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია ჩემთვის და ყველა პატიოსანი და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება საჯაროდ განვაცხადო ამის შესახებ და დავტოვო პარტია და ამ პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსიც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნიკაციისთვის შექმნილი იყო ერთიანი კოალიციის „ჩათი“ სადაც ხდებოდა „დირექტივების“ გამოგზავნა, რომელიც იგზავნებოდა კოალიციაში შემავალი სხვა პარტიიდან ძირითადად ლელოდან, ხოლო და არა ჩემი პარტიის დამნიშნავი ვანოდან. ადამიანს მე ცილს ვერ დავწამებ. ბუნებრივია არ იყო საშუალება აზრის თავისუფლად გამოხატვის და თუნდაც კითხვის დასმის ამა თუ იმ საკითხზე. სამწუხაროდ, ამ პარტიის კედლებში შესაძლებელი არ აღმოჩნდა რიგითი ადამიანისთვის საკუთარი მოვალეობის კანონიერად და პატიოსნად განხორციელება. იმედი მაქვს ამ პოსტით, ჩემი გულისტკივილის გამოხატვის გარდა, დავეხმარები სხვა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებსაც, რომლებსაც მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, კანონიერად სურთ საკუთარი საქმისა და ქვეყნის სამსახური“, - წერს თამუნა შიოლაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში