ჰელსინკის კომისია არის მხარე და მის არცერთ განცხადებას ფასი არ აქვს - პრემიერი

30 ოქტომბერი 2024, 15:04 236 ნახვა
 
 

ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ჰელსინკის კომისიის არც ერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი, ვინაიდან ის მხარეს წარმოადგენს.

"უფრო მეტიც, მინდა, შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ. ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო. თავისთავად, ეს მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი, რაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ ის ემთხვევა ცესკოს შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს. პრემიერის თქმით, ეს არის ISFED-ის დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ.

„რაც შეეხება პარალელურ დათვლას, ე.წ პივიტის, რა ფასი აქვს პივიტის, თუ ის გაყალბებული არ არის. პივიტი მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ ის არის გაყალბებული, თუ არის ხელოვნურად აცდენილი ცესკოს შედეგებს. თუ ის ემთხვევა ცესკოს შედეგებს, მაშინ მას არავითარი ფასი არ აქვს და შესაბამისად, არც უნდა გამოქვეყნდეს. ეს არის ამ ენჯეოს დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიტერ სიიარტოს ძალიან სწორი მინიშნება ჰქონდა - საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს რომ გაემარჯვა, შეფასებები ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა.

„ეს ძალიან სწორი მინიშნებაა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, ალბათ, შეფასებები ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა. გახსოვთ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ტოტალურად გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი შეფასებები გაკეთდა დადებითი შეფასებები ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. ეს მინიშნება რელევანტურია“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა,  ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში და ყველაფერი გადაამოწმოს. ასევე განაცხადა, რომ ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში