„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს „ბულინგი“ და მას უკრძალავენ, პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს - მდინარაძე

28 ოქტომბერი 2024, 14:12 255 ნახვა

ISFED-ის ხელმძღვანელზე, ნინო დოლიძეზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ, გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი უნდა ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, შევეცდები ეს ინფორმაცია დავაზუსტოთ, თუნდაც თქვენი, ჟურნალისტების მეშვეობით და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. უკვე დღე-ნახევარია გასული და ე.წ. „სამართლიანია არჩევნები“ ვერ ახერხებს, რომ გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. შეგახსენებთ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც შეცდომად აღიარა 2020 წელს, რომ გაყალბებული იყო არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ოღონდ ეს შეეხებოდა მხოლოდ 2%-ს. წელს კი, ისინი უკვე დღე-ნახევრის განმავლობაში ვერ თუ არ აქვეყნებენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება USAID-ის მიერ, ანუ პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისმა დაფინანსებულმა ორგანიზაციამ კეთილი ინებოს და საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან დღე-ნახევრის შემდეგ მაინც გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი