"ქართულმა ოცნებამ" 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც მეტყველებს თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ - პრემიერი

28 ოქტომბერი 2024, 11:11 267 ნახვა
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მმართველმა პარტიამ 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ და ცალკე აღებული ოპოზიციის მიმართ. ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნების პროცესში დამკვირვებლების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ეს არის ნდობა, რომელიც გამოუცხადეს საქართველოს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას. ეს ნდობა უპრეცედენტოა, მათ შორის ეს გამოიხატება ხმების რაოდენობით, აქტივობით, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება იყო საზოგადოების მიმართ, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და რეალურად, ეს ასე მოხდა. უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ჩვენი უამრავი თანამოქალაქე გამოვიდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და საქართველოს შეუფერხებელი, შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, რომელიც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

მმართველმა გუნდმა 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ცალკე არსებული ოპოზიციის მიმართ...

ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო/ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი