ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი, ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს - თინათინ რუხაძე

19 ოქტომბერი 2024, 16:45 238 ნახვა

ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი, ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე წერს.

როგორც ახლად დანიშნული მინისტრი წერს, შეეცდება იყოს განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული, ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური.

„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება! საქართველოს პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ გუნდის შეთავაზება მიღებულია!

 

თითქოს ყურში მესმის, რას მეტყოდა დედა, რომელიც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ღვაწლმოსილი ადამიანი იყო; რას მეტყოდა ვიტალი ნოდია, ვისაც ძალიან ვენდობოდი, რას მეტყოდა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც სიყვარულის გარდა ჩემს პროფესიაში ცოდნა, გამოცდილება და გამბედაობა მომცა, მომცა რწმენა იმისა, რომ ვინც არაფერს აკეთებს, ის შედეგსაც ვერ იღებს! რომ შეფასებას, კრიტიკას, საქმის კეთებას, სხვისი ნაღვაწის დაფასებას ან უკეთესის გაკეთებას ნიჭი და უნარი უნდა!

 

35 წელია ვმუშაობ. ბევრი მაქვს გამოვლილი. ბევრი კარგი მასწავლებელი მყავდა, თუმცა ცუდი მაგალითებიც მქონდა. ვისგან უფრო მეტი ვისწავლე? არ ვიცი! უნარები კი ნამდვილად განმივითარეს. ამის გამო ვარ ალბათ ასეთი. ვფიქრობ, ვარ შრომისუნარიანი, მიზანმიმართული, სტრესგამძლე და ჯიუტიც კი! ნამდვილად ვარ ღია და ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირი, სიტუაციის მიხედვით – ზოგჯერ სწრაფი და ზოგჯერ ნელი, საქმე მიყვარს და ამიტომ ვარ ემოციური! სიყვარულით გაკეთებული საქმის მჯერა! სასახლე ამის ნათელი მაგალითია. მადლობა ამ დიდი და საინტერესო გამოცდილებისთვის! მიხარია, რომ ამ საქმეს ჩემზე უკეთესი და გამოცდილი ადამიანი გააგრძელებს – ნინა ყიფიანი… მე ვუგულშემატკივრებ (სასახლეზე სხვა დროს ვრცლად დავწერ).

 

ბევრი ადამიანი მილოცავს, ბევრი იმედს გამოთქვამს, უხარიათ და ზოგიერთებს არა! ბევრს სათქმელი აქვს, ბევრს მოსაყოლი, ზოგიერთს საკუთარი მოტივი ამოძრავებს, ზოგს უბრალოდ არ აღელვებს ან მოვლენების განვითარებას ელოდება. მოკლედ სხვადასხვაგვარი – კეთილგანწყობილი ან ჩასაფრებული მოლოდინები გაჩნდა! და ეს პირველად არ ხდება! რაც უფრო მეტს ელოდებით, მეც უფრო მეტად მამოტივირებთ! მადლობა! და ასეთ დროს, უნდა იცოდეთ, რომ ბევრს ვფიქრობ.

 

აქვე გეტყვით, რომ მიყვარს ჩემზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანები. გუნდური მოთამაშე ვარ. მიყვარს სხვისი წარმატება და არასოდეს ვარ ჩასაფრებული, რადგან უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც თავად ვერაფერს აკეთებს!

 

ვეცდები ვიყო განვითარებაზე, მომავალზე და შედეგზე ორიენტირებული, ვიყო ზომიერი, სამართლიანი და მაქსიმალურად ობიექტური. ძალიან ვეცდები ბევრი ვიშრომო, რომ დიდ გუნდთან ერთად, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა, ბევრი ადამიანისთვის შევქმნათ კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ჩვენი ქვეყნისთვის ამ დროისათვის საჭირო გარემო!

 

პირადად ჩემთვის ეს თანამდებობა მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ტკბობის ან ხიბლის საბაბი. ამ ასაკში და ამ გამოცდილებით, საკუთარ თავს მე უფრო მეტს ვთხოვ, ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი მომთხოვს!

 

მინდა იცოდეთ, რომ სულ ვფიქრობ, ღირსეულად ვატარო ჩემი ოჯახის, მეგობრების, ადამიანების ნდობა, ვინც ზურგს კლდესავით მიმაგრებს!“, – წერს თინათინ რუხაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თინათინ რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე 18 ოქტომბერს წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში