სალომე ზურაბიშვილი "ტექნიკურ მთავრობას" არჩევნებამდე წარადგენს

12 ოქტომბერი 2024, 19:49 332 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტექნიკური მთავრობის დასახელება არჩევნებამდე დაანონსა.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან.

„14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. ეს ქარტია შედგა, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას. მე მინდოდა შეხვედრები, ეს არ იყო არც კონსულტაციები და არც მოლაპარაკებები, მინდოდა იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც არიან შემადგენელი პროევროპული პლატფორმის, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული, იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.

 

მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ამ მხრივ, საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში