მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ - ირაკლი კობახიძე

12 ოქტომბერი 2024, 11:02 240 ნახვა

რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან, რეალური პარტიული რეიტინგები, ყველამ იცის, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი, დაახლოებით, 60%-ს შეადგენს და კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", კიდევ ერთი, უმძიმესი, მე-9 საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

პრემიერი ეხმაურება გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, დარჩო ხეჩუაშვილის აღიარებით ჩვენებას.

„ბრალდებულმა, დარჩო ხეჩუაშვილმა მიცემული ჩვენებით დაადასტურა, რომ მან 2016 წელს დავალება გივი თარგამაძის თვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩართულობით მიიღო. შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, რაც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მომხდარი უმძიმესი აქტი, რომელიც, მაღალი ალბათობით, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. ამ დანაშაულში მიხეილ სააკაშვილისა და გია ლორთქიფანიძის კვალის გამოკვეთა, დამაფიქრებელია და გამოძიების განსაკუთრებული ინტერესის საგნად უნდა იქცეს", - ამბობს პრემიერი.

პრემიერი სამართალდამცავ უწყებებს სიფრთხილისა და განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს.

"ბრალდებულ, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე, განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში