"მშვიდობის გზა" - ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების თანაცხოვრების პერსპექტივები

08 ოქტომბერი 2024, 16:31 791 ნახვა
 
დრომ და ხელოვნურმა საზღვრებმა, ენგურის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთს დააშორა. მათ ერთმანეთის არ ესმით. ეს სწორედ 32 წლის წინ მომხდარი კონფლიქტის შედეგია, რომელზეც დისკუსია, არც ძველ და არც ახალ თაობებს შორის არასოდეს არ წყდება. შედეგად ვიღებთ დაკარგულ წლებს და ერთმანეთისგან გაუცხოებულ ახალ თაობას, რომელიც ან ომის დროს დაიბადა ან მას მერე.

ამ სტატიაში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები თანაცხოვრების პერსპექტივებზე თავად ისაუბრებენ. ზოგიერთი მათგანი დევნილობაში გაიზარდა, ზოგი კი დღესაც აფხაზეთში ცხოვრობს. სწორედ მათგან გავიგებთ, როგორ აპირებენ ისინი შერიგების შემდეგ ერთად თანაცხოვრებას და რა პერსპექტივა არსებობს აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის დიალოგის დასაწყებად.

 

აფხაზეთი ჩემთვის ასოცირდება იქ დატოვებულ ბავშვობასთან, ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა.

დევნილობის წლები და განუწყვეტელი ფიქრი აფხაზეთზე, ნათიასთვის და მისი ოჯახისთვის დღემდე ერთ-ერთი უმძიმესი მოგონებად რჩება. მისი ოჯახი ოჩამჩირეში ცხოვრობდა, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს სამშვიდობოს, ენგურის ხიდით გადმოვიდნენ.

"31 წლის ვარ, ანუ ომის ტოლი. ამ კონფლიქტის შედეგებზე გავიზარდე. აფხაზეთზე საუბარი ჩემს ოჯახში არასოდეს შეწყვეტილა. 4 თვის ვიყავი, როცა მშობლებთან ერთად სოხუმი დავტოვე. ომის მერეც ვიყავი აფხაზეთში. ნოსტალგიასა და მონატრებას დღეს ზღვის ხედებითა და სურნელით ვივსებ"- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა.

ამბობს, რომ ხელოვნური საზღვარი, რომელიც დღეს-დღეობით არსებობს ქართველ და აფხაზებს შორის, ახალმა თაობამ უნდა გაარღვიოს და დაიწყონ ერთმანეთთან დიალოგი.

"ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ - ასეთია ენგურს იქით და აქეთ მყოფი ახალგაზრდების გზავნილი"- აცხადებს ნათია შარანგია.

27 წლის ლია ეთნიკურად აფხაზი გოგონაა, რომელსაც დევნილობა არ უნახავს, არც ომის ტრავმებით არ გაზრდილა, მაგრამ იცის რომ ენგურს იქით ადამიანები სხვა რეალობაში ცხოვრობენ. აინტერესებს რა ხდება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამავდროულად კი აშინებს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. შიშობს რომ ვინმემ არ შეიტყოს. ასეთია სოხუმში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა გოგონას ფიქრები, რომლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ მის იდენტიფიცირებას არ ვახდენთ.

რამდენიმე წლის წინ, ის პირველად თავის ნათესავებთან ბათუმში ჩამოვიდა სტუმრად (რომლებიც ბებიის მხრიდან ეთნიკურად აფხაზები არიან) რესპონდენტი ამბობს, საქართველოში პირველად წამოსვლა რომ დააპირა, შიშის გრძნობა დაეუფლა, ამიტომ ენგურის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნაცვლად, რუსეთის ფედერაციიდან სხვა გზით წამოვიდა, რომ ვინმეს, მისი გადაწყვეტილების შესახებ არ გაეგო.

ამბობს, რომ ის აჭარაში გატარებული დღეებით დიდი შთაბეჭდილების ქვეშაა. მას ენგურს გაღმა ადამიანებთან ურთიერთობა ყოვლად მიუწვდომელი ეგონა.

ჰქონდა შიში რომ მას, როგორც  აფხაზს,  ქართველები რამეს ფიზიკურად დაუშავებდნენ. აღნიშნავს, რომ მისი აქ ყოფნა არცერთმა მისმა მეგობარმა და ახლობელმა არ იცოდა, რადგან იყო რისკი იმისა, რომ აფხაზეთში ამ ქმედებას არ აპატიებდნენ.

როგორც ლია გვიყვება აფხაზმა ახალგაზრდობამ არ იცის სინამდვილე თუ რა ხდება ენგურს გამოღმა - საქართველოში.

"ამბობენ რომ იქ თუ გადახვალთ აუცილებლად იძალადებენ თქვენზე, დაგიჭერენ, არ გამოგიშვებენ, ქართველები ჩვენი მტრები არიან და ა.შ. ასეთი მცდარი ინფორმაცია მხოლოდ დაუსრულებელი დეზინფორმაციის შედეგია, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან მარტივად აჯერებენ აფხაზ ახალგაზრდობას.  მართალი გითხრათ ამ სიტყვების მეც ძალიან მეშინოდა, მაგრამ ახლა ჩემი თვალით, რაც ვნახე აქ არცერთ ქართველ ადამიანს, მათ შორის ახალგაზრდებს ჩემთვის რაიმე ცუდი არ უკადრებია. პირიქით, აქ ახალი ადამიანები გავიცანი და აჭარაში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულე. მივხვდი რომ ქართველი ახალგაზრდები ცხოვრობენ  თავისუფალ გარემოში და აქ ყოფნა უსაფრთხოა ყველასთვის", - ამბობს ლია.               

რა სათქმელით ბრუნდები აფხაზეთში? - მხოლოდ დადებითი მოგონებებით, ის ფოტოები, რაც აქ გადავიღე და ჩემი ნათესავები, რომლებმაც ყველაზე თბილად მიმიღეს და მიმასპინძლეს.

როგორც ჩვენთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, აფხაზმა გოგონამ, აფხაზეთში დაბრუნების შემდგომ თავის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში, ბათუმის ბულვარში გადაღებული ვიდეო განათავსა. სწორედ ამ დროს მას მუქარის წერილები მისწერეს უცნობმა პირებმა. კატეგორიულად სთხოვდნენ ვიდეო წაეშალა. „რატომ დაადგი საქართველოს მიწაზე ფეხი?!“ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს კი, ლიას სოციალურ ქსელში გამოჩნდა პოსტი „საქართველო ოკუპანტია!“ რაც იძლევა იმის თქმის ვარაუდს, რომ მას შეგნებულად მოსთხოვეს ამ პოსტის გამოქვეყნება, რათა მისი ქართველი მეგობრებისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო მისი პოზიცია.

"ჩვენი ბავშვობა აფხაზეთში დარჩა" - ამბობს თათია ზუხბაია, ის ომის პერიოდში, 1992 წელს სოხუმში დაიბადა. ამბობს, რომ ომის დროს მათი ოჯახი ორ ნაწილად გაიხლიჩა. მამა აფხაზეთში დარჩა,  რადგან ვერ შეძლო მისი ასაკოვანი მშობლების მიტოვება, დედამ კი მცირეწლოვანი ჩვილი საომარ მოქმედებებს გაარიდა და სამშვიდობოს, ენგურს გამოღმა გამოხიზნა. ამის გამო ჩემი ბავშვობაც ასე წარიმართა, ორ რეალობაში, ენგურს გაღმა და გამოღმა...

„სოხუმი დაეცა“ - ეს ფრაზა ყველაზე მძაფრად, მაინც 27 სექტემბერს გვახსენდება. არადა ეს დღე, არა მარტო ქალაქის დაკარგვასთან, არამედ უდიდეს განცდებთან და ტკივილთან ასოცირდება.  ესაა დიდი ისტორიის დასასრული - ვიღაცას ბავშვობა წაერთვა, ვიღაცამ ძალიან ნაადრევად დაასრულა სიცოცხლე. ზოგმა არც კი იცის, როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში,ზოგს სამწუხაროდ, არცერთი ფოტო მასალა არ შემორჩათ. განადგურდა ფოტოები, რომელსაც მათი ბავშვობის მოგონებები უნდა შემოენახა",- ამბობს თათია.

მისი თქმით, ის შეძლებისდაგვარად ყოველწლიურად ახერხებს სოხუმში ჩასვლას ოჯახის და მეგობრების მონახულებას. ის იხსენებს მის აფხაზ მეგობართან დიალოგს. ამბობს, რომ მას დღემდე აქვს ურთიერთობა ეთნიკურად აფხაზებთან, რომლების ნაწილს უბრალოდ აშინებთ ენგურს გამოღმა გადმოსვლა.

სულ მეკითხებიან - როგორ ჩამოვიდე? საქართველოში, რომ ჩამოვიდე არაფერს დამიშავებენ? ეს ფრაზა ეკუთვნის იმ აფხაზ ახალგაზრდას, რომელიც სოხუმში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს. როგორც თათია ამბობს, აი ასეთი განწყობებით იზრდება აფხაზეთში ახალი თაობა, რომლებსაც არასწორ ინფორმაციას აწვდიან ქართულ მხარეზე.

"მიმაჩნია, რომ აფხაზ და ქართველ უფროს თაობებს შორის არსებულმა წარსულმა ურთიერთობებმა უნდა მისცეს ახალ თაობას ბიძგი, რამაც ჩვენ ერთმანეთი უნდა დაგვაბრუნებინოს"- ამბობს თათია ზუხბაია.

რას ვიბრუნებთ ჩვენ?! ვიბრუნებთ სახლებს? გეოგრაფიულ ტერიტორიას, თუ ვიბრუნებთ სახლებში ერთმანეთს?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ დანაკლისი და შეცდომები ორივე მხარეს გვქონდა. დრო გადის, და ჩვენ თუ ერთმანეთს მშვიდობიანი თანაცხოვრების პრესპექტივიდან არ ვესაუბრეთ ერთმანეთს, მაშინ გამოგვრჩება ძალიან ძვირფასი ურთიერთობები და ეს ვერ გააღვივებს მშვიდობის გზას.

როგორი იყო აფხაზეთი, ერთად როგორი ურთიერთობები გვქონდა და საერთოდ როგორი ინტერნაციონალურ კუთხეს წარმოადგენდა ის (რაც ჩვენი მშობლების მეხსიერებაში დღემდე შემორჩა) ეს ინფორმაცია ჩვენ თუ, ჩვენმა მშობლებმა არ გადმოგვცეს, მაშინ ჩნდება კითხვა ვინ უნდა მოაგვაროს ეს კონფლიქტი? ცხადია, რომ ჩვენი თაობა ისედაც გაუცხოებულია ერთმანეთისგან და ჩვენ ერთ ენაზე უკვე ვეღარ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ომის მერე, ენგურს გაღმა და გამოღმა  ახალი თაობები გაიზარდა.

ძალიან კარგი პროგრამებია აფხაზებისთვის, ჯანდაცვის, განათლების და ა.შ. რომლებსაც სრულიად უსასყიდლოდ მიუწვდებათ ხელი ამ ყველაფერზე. ვინც ახერხებს გადმოდიან და სარგებლობენ ამ ბენეფიტებით, რასაც საქართველოს მთავრობა მათ სთავაზობს. მათ იციან ამ სიკეთეების შესახებ, მაგრამ ხმამაღლა ვერ საუბრობენ და ნურც მოვთხოვთ, რომ საჯარო მადლობები გვიხადონ, იმიტომ რომ იქ ამას ვერ გაიგებენ ისე როგორც საჭიროა, ამიტომ შიშის ფაქტორი ძალიან მაღალია. თუმცა გულის სიღრმეში შესანიშნავად იციან რომ ეს ქართული მხარის მიერ არის შეთავაზებული და აქ ცხოვრება მათთვის სრულიად  უსაფრთხოა - მათ აქ არავინ არ ერჩით და თავისუფლად გადაადგილდებიან.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ტრიბუნა უბრალო ხალხს უნდა დავუთმოთ, რომლებიც საერთო ენას ერთად უფრო გამონახავენ. მიმაჩნია რომ ამ თემაზე უნდა იმუშაოს იმ ადამიანებმა, იმ ახალგაზრდებმა, რომლებსაც ემოციური ბმა აკავშირებთ აფხაზეთთან.  სახალხო დიპლომატია ყველაზე ეფექტური გზაა, რაშიც უშუალოდ აფხაზეთიდან დევნილი ახალი თაობა უნდა ჩაერთოს და ორივე მხარემ შეძლოს დიალოგის წამოწყება", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა თათია ზუხბაია.

ექსპერტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ 1992-1993 წლის კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მათი შეფასებით, კონფლიქტმა, რომელშიც რუსეთის გავლენით, ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასიათასობით დევნილად იქცა, ქართველები და აფხაზები  დააშორა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული კონფლიქტიდან 32-წელი გავიდა, რის გამოც, მას ბევრი გაყინულ კონფლიქტად მოიხსენიებს. თუმცა მისივე განმარტებით, სინამდვილეში მას გაყინულ კონფლიქტს ვერ ვუწოდებთ, რადგან ქართულ-აფხაზური საზოგადოებები ყოველ დღიურად იცვლება, იცვლება ღირებულებები, დამოკიდებულებები, პოლიტიკა და თუნდაც გეოპოლიტიკური კონტექსტი...

"როცა უკრაინაში რუსეთმა საომარი მოქმედებები დაიწყო, ამ მოვლენამ სრულიად ახალი რეალობა დაგვანახა. ასეთი პოლიტიკური მდგენელი არასოდეს 32 წლის მანძილზე ჩვენ არ გვქონია. ახალი კონტექსტია ევროკავშირი, რომლის პერსპექტივა როგორც არასდროს ისე აქვს დღეს საქართველოსთან ერთად, აფხაზებს და ოსებს. აქ კი რუსეთის გავლენების შესუსტება, მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან დიდია", - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

რა უნდა შესთავაზოს ქართულმა მხარემ კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს?  ამ კითხვაზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კონფლიქტების მოგვარებაში, ჩვენ აფხაზებს და ოსებს ევროპული კონტექსტი უნდა შევთავაზოთ.

"ჩვენ შუამავლის გარეშე თავად უნდა ველაპარაკოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი აქტორები ამ კონფლიქტში მოლაპარაკებების დროს... აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთად, სხვების გარეშე პირისპირ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს. რუსეთი აფხაზეთს დიდი ხანია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნას ჰპირდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსეთი უკრაინის ომის მერე, ყველაზე არასანდო, ყველაზე არასტაბილური მოკავშირეა," - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 

არსებული მონაცემებით, აფხაზეთის კონფლიქტში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, დაშავდა ამდენივე, ასეულობით პირი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

კონფლიქტის შედეგად, 300 ათასზე მეტ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

რა ნაბიჯები იდგმება სამშვიდობო პოლიტიკის გაძლიერების კუთხით, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და როგორ ხედავს ამ პროცესს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი?      

ამ საკითხზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებულ წერილში ნათქვამია, რომ „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მათივე განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება რიგი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, შემუშავებული პროგრამები და გახსნილი შესაძლებლობები მიმართულია, ერთი მხრივ, ხალხთაშორისი კომუნიკაციის, დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვისა და უკეთესი მომავლის პერსპექტივების უზრუნველყოფისკენ. სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერება, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა რა პროგრამებს ახორციელებს, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ერთმანეთთან თანაცხოვრების და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის? ამ კითხვაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ისინი სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორებული საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერებისა და დიალოგის ხელშესაწყობად. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დახმარების,  განათლების, ადამიანთა უფლებების დაცვის და სხვა მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით.

მიმდინარე წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მასში შემავალი უწყებების საშუალებით ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 16 პროგრამა, განათლებისა და კულტურის სამინისტრო - 30 პროგრამა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო - 15 პროგრამა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 18 პროგრამა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი - 4 პროგრამას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებსა და უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ახორციელებს პროგრამებს: სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა, მშვიდობის ლაბორატორია, სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა, დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა.

როგორც სტატიიდან ირკვევა, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთად თანაცხოვრების შესაძლო პრესპექტივებზე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ ენგურის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს სამომავლო პერსპექტივაში შეუძლიათ მშვიდობიანი პოლიტიკის წარმართვა. მათივე აზრით, თუ კი საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, აფხაზ ახალგაზრდებს უკეთესი მომავლის პრესპექტივის განცდა გაუჩნდებათ, რაც ინტეგრაციის პროცესსაც ხელს შეუწყობს.

მასალა განკუთვნილია მედია კონკურსში მონაწილეობისთვის.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი