ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული ფასეულობების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს - ირაკლი კობახიძე

02 ოქტომბერი 2024, 14:34 131 ნახვა
 

სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს. ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა - ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს“, კიდევ ერთხელ მეტყველებს ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე.

"ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ თანხმობის გარეშე საარჩევნო აგიტაცია ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა აგიტაციას ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება.

„გერმანელებს მკაცრი მიდგომა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გერმანიაში იკრძალება უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ აგიტაციის ჩატარება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა აირიდა თავიდან გერმანულმა მხარემ, რაც უკვე კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ თავად გერმანელებს საკუთარი სამართლებრივი აქტებით აკრძალული, შეზღუდული აქვთ შესაბამისი საგანგებო თანხმობის გარეშე იმის დაშვება, რომ ვიღაცამ გერმანიის ტერიტორიაზე ჩაატაროს საარჩევნო აგიტაცია. ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივისმცემლობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში