„აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურნენ. ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ორგანიზაციას კანონი არ დაურღვევია, ამასთან მისი შეფასებით, აბსურდია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებაზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს, უნდა ჩაითვალოს პარტიად.
ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, ბიურომ გუშინ ბრიფინგზე იმ ინფორმაციის მიღება მოითხოვა, რომელიც უკანონოდ ჯერ კიდევ 6 სექტემბერს ჰქონდა გამოთხოვილი.
ლაგაზიძის განმარტებით, ბიურომ საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა გადაწყვეტილება, რომ ბანკებიდან უნდა გამოეთხოვათ ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით ორგანიზაციისა და ფიზიკური პირების ყველა ინფორმაცია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო კანონის შესაბამისად მოქმედებს.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ‘’ და ‘’აირჩიე ევროპა’’ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. მათ 5 დღის ვადაში ბიუროს უნდა წარუდგინონ საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები.