„ნეიტრალური პასპორტების“ მიღების ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ - ასლან ბჟანია

20 სექტემბერი 2024, 14:01 196 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტების“ აღებას არავის ურჩევს. ასლან ბჟანიას განცხადებით, ის გაკვირვებულია ე.წ პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ლეონიდ ჩამაგუას განცხადების გამო, რომელიც აფხაზებს  „ნეიტრალური პასპორტებით“ სარგებლობას ურჩევს.

ჩამაგუა განმარტავს,  რომ მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ „ურჩ“ აფხაზს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას, გაუგებარია რატომ არ უნდა გამოიყენონ „გაეროს მიერ შეთავაზებული“ პასპორტები, რომელსაც თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასამგზავრებლად გამოიყენებენ. ე.წ პრეზიდენტი თავის მხრივ აღნიშნავს, რომ მსგავსი პასპორტების საჭიროებას ვერ ხედავს.

აცხადებს, რომ ეს პირობითად ნეიტრალური პასპორტებია, რომლის იდეაც საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და თბილისის მიერ „ოკუპირებულად წოდებული“ აფხაზეთის რეინტეგრაციის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს.

ბჟანიამ დაამატა,  რომ უკვე აქვთ აფხაზური და მოკავშირის, რუსეთის პასპორტები, რაც სრულიად საკმარისია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში