9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურში. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი. აღნიშნეს, რომ 9 აპრილის ტრაგედია საქართველოს გათავისუფლების დაწყების სიმბოლოდ იქცა.
9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ და 28 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქობულეთში. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა. შეკრებილთა შორის იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი როსტომ გუნთაიშვილი.
9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს ქედაშიც. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მემორიალი ტიტებით შეამკეს და სანთლები დაანთეს. ანსამბლმა „ელესამ" საგალობლები შეასრულა.
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის თავგანწირული ადამიანები გაიხსენეს ხულოშიც. მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც. მოსწავლეებმა კი დღევანდელ თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს.