კომუნიკაციების კომისიამ "მთავარ არხს“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

12 სექტემბერი 2024, 13:32 261 ნახვა
 

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ  პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „მთავარმა არხმა” ეთერში არ განათავსა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „მთავარმა არხმა” კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა დაასახელა.

"ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში