საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.
პრემიერის განცხადებით, მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ, რის გამოც მმართველმა გუნდმა საგრანტო პროგრამის დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღო.
მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.
„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განმარტებით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.
„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ NGO-მ, რომელიც მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობომ მიმართა, ამით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსება ავტომატურად არ ნიშნავს უარყოფითი ინტერესების გატარებას.