პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ.
პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ქომაგებს, დღეს, 19:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
პარალიმპიადაზე კი, ქართველი პარალიმპიელების ანგარიშზე, ხუთ სახეობაში ასპარეზობის შედეგად, ამ ეტაპზე, 7 მედალია – 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს. პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი ასპარეზობს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.