„ქართული ოცნების“ წევრმა უკადრებელი ვერ აიტანა, ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა - დავით მათიკაშვილი

05 სექტემბერი 2024, 12:41 224 ნახვა
 
 
რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული „ნაცური“ ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მათიკაშვილი მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც მოქალაქემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, ერმილე გაგიაძის გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა.

„სერიების ციკლიდან „რიგით მოქალაქეებად“ შენიღბული რადიკალები. FB-ზე მიუნხენის აეროპორტში მალულად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა ვინმე ნინო შველიძემ, რასაც ტვ „მთავარის“, ტვ „პირველის" და „ნაცმოძის“ სხვა რუპორი ანასხლეტების აღტაცებული ყიჟინი მოჰყვა.

სინამდვილეში, საქმე იყო შემდეგში: 25 აგვისტოს, ოჯახთან ერთად ვბრუნდებოდი თბილისში, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი „რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. როგორც ასეთ სიტუაციაში მოგვიანებით ირკვევა ხოლმე, „რიგითი აღშფოთებული“ მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა. „ნაცმოძური“ რადიკალიზმით დახუნძლული „აღშფოთებული რიგითი“ შველიძე, ჟანრისთვის დამახასიათებელი, რადიკალებისათვის ჩვეული უღირსი ფორმით ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაიძახოდა „ბრძნულ“ შეგონებებს, ცდილობდა შეურაცხყოფის მოყენებას. როგორც შემდგომ ასევე გაირკვა, ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით, სავარაუდოდ იღებდა „რიგითი“ რადიკალის მეუღლე, რომელსაც ინციდენტის დროს კრინტიც არ დაუძრავს. ყველაზე მძიმე აქ ის არის, რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ შველიძეს „ნაცმოძური“ აჟიტირება იმდენად ღრმად აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების გვერდით ყოფნაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი „ნაცური“ სულისკვეთების გამჟღავნებისგან და შეურაცხმყოფელი უღირსი ფრაზების სკანდირებისგან თავის შეკავებისთვის. რადიკალობა, ყველაფრის მკადრებლობის სინონიმი რომ არის, აი ბატონო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი! მოკლედ, კეთილშობილ ცხოველს რას ვერჩი, მაგრამ სახედრისგან წიხლი არ მწყენია, საკადრისი პასუხი კი გავეცი და უზრდელი ვუწოდე. „კოპწია“ მეუღლემ აქაც დუმილი ამჯობინა.

ამ ისტორიაში ორი რამ არის საინტერესო და დამაფიქრებელი:

1) რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს „რიგით აღშფოთებულ“ მოქალაქეებად შენიღბვა მაინც არ გამოგდით და ჯობია გულწრფელად გამოტყდეთ „ნაცმოძის“ სიყვარულში, ეგ არის თქვენი მძიმე ხვედრი.

2) რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული „ნაცური“ ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს!

ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც გუშინ წყალტუბოში დატრიალდა: „ნაცმოძურ“, ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა პირდაპირი მნიშვნელობით, უკადრებელი ვერ აიტანა „ქართული ოცნების“ წევრმა ერმილე გიგიაძემ და ადგილზე გარდაიცვალა! ეს არის „ნაცმოძური“ რადიკალიზმის სახე, ლაკმუსის ქაღალდი, სისხლში გასვრილი ხელები და ადამიანური მსხვერპლი. ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან ფსევდოლიბერალები ქვეყნის შიგნით და მათთვის დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან, რეალურად კი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ადამიანის მოკვდინებაა ანუ ის რაშიც ეს ოდენ გაწაფულები არიან „ნაცმოძი“ რადიკალები“, - წერს დავით მათიკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი