საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ უხეში ჩარევებით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება, ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ გარედან ძალიან ბევრი ჩარევა იქნება, ომის პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლები შიგნით თუ გარეთ შეეცდებიან, საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა.
„კრამერის განცხადებები იმ სერიიდან არის, მიხეილ სააკაშვილი რომ დემოკრატიის შუქურაა და ბიძინა ივანიშვილი რომ უნდა დაისაჯოს. რამდენად სერიოზულია და რამდენად ადეკვატურია ეს ყველაფერი, საზოგადოება კარგად განსჯის. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი ჩარევა გარედან. „ომის პარტიის“ სხვადასხვა წარმომადგენლები შიგნით თუ გარეთ შეეცდებიან, რომ საარჩევნო პროცესებზე მოახდინონ გავლენა. ჩვენი ოპონენტები თავის მხრივ, ეს გულმხურვალე აგენტურა, შეეცდება, რომ მაშველი რგოლი ყველა შემთხვევაში კარგად გამოიყენოს ხოლმე, მაშველი რგოლი, რომელიც გარედან იქნება გადმოგდებული, ასევე ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველო არასდროს დაუშვებს, რომ ასეთი უხეში ჩარევების მიხედვით მიიღოს ვინმემ გადაწყვეტილება საქართველოში. საქართველოში, ხაზგასმით ვამბობ, გადაწყვეტილებები მიიღება ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძეს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ ოპოზიცია „ლგბტ კანონს უმნიშვნელოდ მიიჩნევს“.
„ოპოზიცია რასაც უწოდებს თითიდან გამოწოვილს, ამის მასშტაბზე რომ წარმოდგენა გვქონდეს, გეტყვით – საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ამ ქვეყანაში ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად 2-3 თაობაში შეუძლია ლგბტ პროპაგანდას ამის წაშლა. არის თითიდან გამოწოვილი? 2-3 თაობაში შეიძლება, გაანადგუროს ის, რაც ვერ გაანადგურა ვერცერთმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში. ქართული საზოგადოების და ქართველი ერის არსებობა თუ არის თითიდან გამოწოვილი თემა, მაშინ მართლები ყოფილან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა არ ეხება არცერთი ადამიანის უფლებას, რომელიც უმცირესობის წარმომადგენელიც უნდა იყოს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უფლება უნდა დაიცვას ზედმიწევნით ყველა ხელისუფლებამ, მაგრამ როდესაც პროპაგანდა მიდის რაღაც საკითხების, რასაც თავისი კონკრეტული მიზნები აქვს, ეს მიზანი უნდა ამხილო და ამ პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გაილაშქრო ყველა შესაძლო ლეგიტიმური საშუალებით. ქართული ეკლესია და საპატრიარქოც იმიტომ დგას ასე მყარად ამ პოზიციაზე და ჩვენც, ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება იმიტომ დგას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე, რომ ეს გამოწვევები კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული. ვინმეს ეჭვი თუ ეპარება, რომ დღეს ეს გამოწვევას წარმოადგენს, ოლიმპიადის გახსნა კარგად გადაახვიოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ოლიმპიადის გახსნას არ დაემსგავსოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.