უსკო უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

24 აგვისტო 2024, 10:40 952 ნახვა

უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიამ, მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ, ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის დღიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა (30 აგვისტომდე).

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’ 35-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. (30 აგვისტომდე).

 

პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ან/და უმაღლესი საბჭოს წევრი, განცხადებას უნდა დაურთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან.

 

თუ ერთდროულად ტარდება საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევები და თუ პარტია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის), მას დამატებით პარტიის რეგისტრაციის ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში პარტიამ განცხადებას უნდა დაურთოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ, პარტიის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტი.

 

თუ პარტიას არ ჰყავს წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში ( ან პარლამენტში), ან არ არის რეგისტრირებული საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ის ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უსკოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე, საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა. პარტიას მხარდამჭერთა სიის ბლანკები გადაეცემა უსკოს შესაბამისი სამსახურის მიერ, კომისიაში განცხადების წარდგენისთანავე", - წერია უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში