ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - პროკურატურა

16 აგვისტო 2024, 14:01 261 ნახვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ველისციხეში, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭაში დამარხეს და მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იპოვეს. დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, 2024 წლის 23 თებერვლის განაჩენით, თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი