გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოების ჯგუფმა, საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, მალტამ, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალმა წევრებმა, საბერძნეთმა და დანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს საკითხზე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს. შეხვედრის შემდეგ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ, უშიშროების საბჭოს წევრების სახელით განაცხადა, რომ ისინი ასევე გმობენ საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. „ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს, რომლის დამნაშავეებიც ამ დრომდე არ არიან დასჯილი და პასუხისგებაში მიცემული“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.