თეა ახვლედიანმა, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

11 აგვისტო 2024, 18:49 444 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა მემორიალთან შეკრებილი დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა. მინისტრები შინდისში გმირულად დაღუპული 17 მეომრის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისა და ღირსების დაცვის გამორჩეული, მარადიული მაგალითი შექმნეს სწორედ ამ ადგილებში, რომელიც ინახავს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და უთანასწორო ბრძოლის უმძიმეს ისტორიას. სწორედ, ჩვენი გმირების სამშობლოსადმი ღვაწლი და თავგანწირვა გვავალდებულებს, რომ მთელი ძალისხმევით და კიდევ უფრო მეტი შემართებით დავიცვათ და განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, რათა სრულყოფილად შევძლოთ, აღვასრულოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ეროვნული მიზნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის გაერთიანებას. მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ოჯახებს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო მათ პატივისცემა. დიდება გმირებს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

შინდისში ასევე იმყოფებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი