არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, მაგრამ მეგობრობა და პარტნიორობა ცალმხრივი ვერ იქნება - კახა კალაძე

10 აგვისტო 2024, 14:51 218 ნახვა

მოლოდინები არაფერი განსაკუთრებული, იქნება ის ხაზი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ - სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობა თითქოს ცუდია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონთან მიმართებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება ერთ მიზანს - კონკრეტული რევოლუციური დაჯგუფებების დაფინანსებას.

„როდესაც ისმება კითხვა, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი და როგორ შეიძლება დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეუშალოს, პასუხი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი - იმიტომ! არანაირი სხვა არგუმენტირებული პასუხი არ არსებობს. ცხადია ყველაფერი, თუ რატომ ხდება ამხელა აურზაურის ატეხვა კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრი ფაქტი გვახსოვს, რომ ხდება კონკრეტული რევოლუციური დაჯგუფებების დაფინანსება და ეს ყველაფერი სამწუხაროდ მოდის დასავლეთიდან. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. არაერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, მაგრამ მეგობრობა და პარტნიორობა, ცალმხრივი ვერ იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის თქმით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ზღვარი წაშლილია და ოპოზიციის დაფინანსება უცხოეთიდან ღიად მიმდინარეობს.

„დღეს არანაირი ზღვარი არ არსებობს პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. პირდაპირ, ღიად, უცხოეთის სახელმწიფოებიდან ხდება ოპოზიციური სპექტრის დაფინანსება. წარმოუდგენელია ასეთი რამ ევროპულ ქვეყნებში რომ მოხდეს. პირველი, იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ხდება თანხების შემოსვლა, დაფინანსება, გაძევებული იქნებოდა. შესაბამისად, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც აღნიშნული თანხების გადმორიცხვა ხდება და პირდაპირ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. რა დემოკრატიაზეა საუბარი? ღიად ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში