საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტის ვახო ხუზმიაშვილის შეკითხვას უპასუხა

05 აგვისტო 2024, 21:28 573 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ათონელის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილიც ესწრებოდა.

ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს საკუთარი განცხადებიდან ციტატა წაუკითხა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ამბობდა: „შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია, უგუნურება, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური, გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?“.

ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ახერხებს აღნიშნული განცხადების ადრესატებთან, ვისზეც ამბობდა, რომ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და საკუთარი ბავშვები დახოცა, ერთ მაგიდასთან ჯდომას.

პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, იმას, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

„ის ნათქვამი, რაც წაკითხული იყო, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ იყო საუბარი სხვა რამეზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება, ჩაიდინა, მაგრამ ამაზე „ოცნებამ“ არ დაიწყო არანაირი გამოძიება. სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცებზე. რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოში მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს, გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები, პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით, თანამედროვე ისტორიის მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა „ოცნებამ“, როგორც ჩანს, დაივიწყა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი