ლაშა გურულმა ოლიმპიური ბრინჯაო მოიგო

05 აგვისტო 2024, 10:01 182 ნახვა

პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შედეგად, ლაშა გურული გახდა მეორე მოკრივე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო.

პირველმა ეს ვლადიმერ ჭანტურიამ გააკეთა, რომელმაც სიდნეის 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მოიგო. შეგახსენებთ, რომ ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

დღეს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა იწყება, თუმცა ქართველები მასში ხვალ ჩაებმებიან და პირველი ხალიჩაზე რობერტ კობლიაშვილი გავა.

შეგახსენებთ, რომ კობლიაშვილის გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს აჭარის ორი წარმომადგენელი, - რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე წარმოადგენენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში