კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ლელო“ სინამდვილეში მხოლოდ თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა - პაპუაშვილი

30 ივლისი 2024, 14:43 427 ნახვა
 

კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტია „ლელო“ სინამდვილეში მხოლოდ თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გუშინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ყველას კარგად დაანახა, რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია.

"კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტია „ლელო“ სინამდვილეში მხოლოდ თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა.

ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალად ემოციური გამოსვლების უკან, რომლითაც „ლელოს“ სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას.

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს, ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია, მათი მხრიდან, სამ პოსტულატს უკავშირდებოდა: 

1. თითქოს საქართველომ ჩაშალა ანაკლიის პროექტი. 2. თითქოს საქართველომ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას. 3. თითქოს ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე უსაფუძვლო იყო.

ამ სამი ბრალდებით, ისინი ცდილობდნენ, საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი და სამართლიანობისთვის მებრძოლად წარმოჩენილიყვნენ.

თუმცა, პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა.

1. პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ პროექტი ჩაშალა თავად ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიამ და სახელმწიფოს აქ არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ყველას შევახსენებ, თუ რას ითხოვდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე სახელმწიფოსგან, მას შემდეგ, რაც მათ თავი ვერ მოუყარეს ინვესტიციისთვის საჭირო თანხას. მათ სურდათ, რომ სახელმწიფო, ბიუჯეტით, ანუ ხალხის ფულით დადგომოდა მათ გარანტირებული მოგების თავდებში. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ ისინი ანაკლიის პორტიდან ვერ მიიღებდნენ სასურველ მოგებას, ეს თანხა ყოველ ჯერზე უნდა მიეღოთ ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მიზანი იყო ისეთი ბიზნესსქემის აწყობა, სადაც მათ კომპანიას უნდა ჰქონოდა გარანტირებული მოგება საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე.

2. პარიზის არბიტრაჟმა დაადასტურა, საქართველომ არათუ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას, არამედ პირიქით მათ აქვთ აქეთ, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 650 000 აშშ დოლარის გადასახდელი. საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ ხელშეკრულებაში შეტანილი რამდენიმე ცვლილებით სახელმწიფომ ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას ვადებიც არაერთგზის გაუხანგრძლივა და ჯამში 11 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლოც აპატია.

3. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას. ხაზარაძე-ჯაფარიძე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ თაღლითობაში. ხაზგასასმელია, რომ პარიზის არბიტრაჟს არ დაუყენებია ეჭვქვეშ მათ მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება. ყველას შევახსენებ, რომ ამ საქმეში ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს, ასე, ძველი მეგობრობით, შემთხვევით არსებული თავისუფალი 17 მილიონი აშშ დოლარი ასესხა ავთო წერეთელმა, რომელმაც შემთხვევით წინა დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკიდან მიიღო ეს თანხა; და ასევე შემთხვევით ისე აღმოჩნდა, რომ ეს 17 მილიონი აშშ დოლარი საბოლოოდ უიმედო ვალად გაფორმდა და არასდროს დაბრუნებია ბანკს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთი რგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აგებს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს.

„ყველას გვახსოვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოებული საქმეები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე უამრავჯერ წააგო – „რუსთავი 2“-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის, დემონსტრაციების კანონიერად დაშლის თუ სხვა საქმეები. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს; ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ.

საბოლოოდ გაირკვა, რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია „ლელოს“ შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთვრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი. აშკარაა, რომ ეს იყო ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა.

საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოააშკარავდა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ.

„ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ. ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი