საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი იკადრონ - კახა კალაძე

28 ივლისი 2024, 13:57 95 ნახვა

საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი, – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც, უწყების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს“.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველაფერი და გააკეთონ ყველაფერი. ეს, არა მხოლოდ, ქვეყნის შიგნით, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ, გადარჩა. შესაბამისად, ეს ბინძური ძალა საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში, არის ძალა, რომელიც მკადრებელია ყველაფრის. ეს არ არის უბრალო სიტყვები ან მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ და რას ბედავდნენ, რას ჩადიოდნენ და რას აკადრებდნენ, ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობას. დღეს ქართველმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან, საიდან იმართებიან. თუმცა, ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე. მე დარწმუნებული ვარ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას გასცემს საკადრის პასუხს“, – განაცხადა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში