ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ეროვნულ არქივს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იმართება. მისი მიზანი ქართველი დიპლომატის საქმიანობის გაცნობა და საქართველოს წინაშე მისი დამსახურების წარმოჩენაა. ღონისძიებაზე მონაწილეობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მიიღო.