საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებული MEGOBARI აქტი არამეგობრულია და მეტყველებს იმაზე, რომ ურთიერთობების გადახედვაა საჭირო.
პრემიერი იმედოვნებს, რომ მომავალში პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდება.
„სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“,- განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა MEGOBARI აქტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მიიღო. მას 41-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის, გავლენას დაუპირისპირდეს.