მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის თითოეული პუნქტი იქნა განხილული, რათა მაქსიმალურად განიტვირთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ამ თვალსაზრისით, ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ მაჩვენებელს.
„ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს, ამ თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ, ასევე, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები“, – განაცხადა პრემიერმა.