საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის სადებიუტო და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. კიოლნში გამართულ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს 4:1 სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის საწყისი წუთები „ფურია როხას“ დიდი უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა გიორგი მამარდაშვილმა ყველა ეპიზოდში ჩინებულად ითამაშა და ესპანელებს სწრაფი გოლის გატანა არ გამოუვიდათ.
მე-18 წუთზე კი საქართველოს ნაკრების პირველივე გააზრებული იერიში გოლით დასრულდა. ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მზად იყო ახლო მანძილიდან დაერტყა, თუმცა რობინ ლე ნორმანმა დაასწრო მას თამაში და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ ესპანეთი კვლავ გააქტიურდა რასაც 39-ე წუთზე, როდრის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში კი ესპანეთმა კიდევ უფრო მოუმატა და სამწუხაროდ სამი უპასუხო გოლის გატანაც მოახერხა.
51-ე წუთზე ფაბიან რუისმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 75-ე წუთზე ნიკო უილიამსა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დანი ოლმომაც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.
ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდი თურქეთთან პირველ ტურში 1:3 დამარცხდა, მეორე ტურში ჩეხეთს 1:1 დაუზავდა, მესამე ტურის შეხვედრაში კი პორტუგალიასთან 2:0 ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ის მერვედფინალში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ითამაშა.