დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადების ფარგლებში ქალაქ ტრენტოში პირველ საკონტროლო მატჩს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული არხი შემოგთავაზებთ.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება და საწვრთნელ პროცესს ქალაქ იურმალაში გააგრძელებს, სადაც 26 და 28 ივნისს მორიგ სპარინგ-მატჩებს კამერუნისა და ეგვიპტის ნაკრებებთან გამართავს.
ოლიმპიადის დარჩენილი 4 საგზურისთვის 24 ნაკრები იბრძოლებს, რომელთა შორის საქართველოც იმყოფება.
ქართველი კალათბურთელები რიგაში A ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ.
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2-7 ივლისს ჩატარდება.