ხვალ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილიც იყო.
ქოჩორაშვილის განცხადებით, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს.
“რადგან აქ ვართ, ეს ნიშნავს, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ვიცით, რომ ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის ვთამაშობთ. ვეცდებით, ვიბრძოლოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ.
ფეხბურთი ომს აჩერებს, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შანსი ვითამაშოთ ასეთ დონეზე, რაც საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი ბედნიერია და დროა თამაშზე ვიფიქროთ, იმაზე, რაც ხვალ გველოდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს",- განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ამისთვის მზად არიან.
“რასაკვირველია, რთული თამაში იქნება, მაგრამ მზად ვართ. აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით, ყოველდღიური ვარჯიშით და ყოველდღიური ფიქრით, იგივეს გავაგრძელებთ ხვალ. ჩემი აზრით ხვალ არ გავდივარ ბრძოლის ველზე, არამედ ამ ყველაფრით უნდა ვისიამოვნოთ, როდესაც ადამიანი საქმიდან სიამოვნებას იღებს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოსდის და ჩემი ერთ-ერთი დანიშნულებაც ეს იქნება, რომ მოედანზე ვისიამოვნო და დავეხმარო თანაგუნდელებს, რაშიც ჩემი დახმარება დასჭირდებათ.
მწვრთნელს დავეთანხმები: მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ. მთავარია მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ, რაც შეგვიძლია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ”, - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 22 ივნისს ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.