ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა

21 ივნისი 2024, 21:38 1374 ნახვა

ხვალ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა  მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ფრანგმა სპეციალსტმა აღნიშნა მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ იციან.

"ჩვენს მეტოქეებს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, ბევრი ვიცით ჩეხეთის შესახებ, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ ყოველი მატჩი განსხვავებულია. როგორც ხშირად ვამბობ, საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემა არ არის მეტოქე, არამედ ჩვენი დისციპლინა. თუ დისციპლინერებულ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაშინ კარგი თამაში გამოგვდის",- განაცხადა სანიოლმა.

სანიოლს კითხვა დაუსვეს ხვალიდელ შემადგენლობაზეც, თუმცა კითხვას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. 

“შემადგენლობის შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს ვერ გეტყვით. ზოგჯერ, ცვლილების გაკეთება და ახალი ენერგიის შემოტანა საჭიროა. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და გავხდეთ უკეთესები, რომ მომავალში უფრო მეტს მივაღწიოთ. თუ მხოლოდ 11 ფეხბურთელს იყენებ, ეს არ არის დადებითი. ვფიქრობ, იქნება რაღაც ცვლილებები, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით",- განაცხადა სანიოლმა.

ფრანგ სპეციალისტს კითხვა დაუსვეს თურქეთთან მამარდაშვილის შეტევაში გადასვლაზე.

“მეკარეს უფლება ჰქონდა გუნდს შეტევაში დახმარებოდა, ჩვენთვის დიდი განსხვავება არ იყო, 1:2-ს წავაგებდით თუ 1:3-ს. რისკი იყო, ჩვენი და თურქეთის მხრიდანაც, მაგრამ გოლის გატანის შანსი გვქონდა. ფეხბურთში ბალანსი მნიშვნელოვანია, თუ გინდა კარგი შეტევა, თავიც კარგად უნდა დაიცვა და პირიქით",- განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 22 ივნისს ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში