ევროტურნირებზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

20 ივნისი 2024, 16:06 505 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროტურნირების კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა.

ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „დინამო“ ბათუმი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონს, „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება, ხოლო თუ ბათუმელები ამ ბარიერს დაძლევენ, მეორე ეტაპზე მინსკის „დინამოსა“ და ერევნის „პიუნიკს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

"ლუდოგორეცთან" ორ მატჩიან დუელში მარცხის შემთხვევაში კი შავიზღვისპირელები კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებენ და მათი მეტოქე მეორე რაუნდში, უელსურ "ნიუ სეინტსსა" და მონტენეგრულ "დეჩიჩს" შორის დამარცხებული იქნება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და საპასუხო შეხვედრები 9/10 და 16/17 ივლისს არის დაგეგმილი. „დინამო“ ბათუმი კი პირველ თამაშს სტუმრად, ქალაქ რაზგრადში ჩაატარებს.

რაც შეეხება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, ქუთაისის „ტორპედო“ პირველ ეტაპზე ალბანურ "ტირანას დაუპირისპირდება, თუ ქუთაისელები ამ ბარიერს დაძლევენ მეორე ეტაპზე მათი მეტოქე უკვე კვიპროსის "ომონია" იქნება.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონის „დინამო“ თბილისის მეტოქე კი პირველ ეტაპზე მონტენეგროს „მორნარია“.დედაქალაქური კლუბი ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში მეორე ეტაპზე სერბულ „რადნიჩკს“ შეხვდება.

კიდევ ერთი ქართული გუნდი „იბერია“1999 კი „ოლიმპიაკოსის“ კონფერენს ლიგაზე გამარჯვების გამო, ასპარეზობას პირდაპირ მეორე ეტაპიდან იწყებს. გიორგი მიქაძის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „მარსაშლოკსა“ და ალბანურ „პარტიზანს“ შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები – 11 ივლისს, საპასუხო კი 18 ივლისს გაიმართება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი