„ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტს ოპოზიცია მხარს თუ არ დაუჭერს, დადგება არა ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს - პაპუაშვილი

10 ივნისი 2024, 14:24 326 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ საკონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს დაინიცირდა და ბიუროს მიერ უკვე შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა განსახილველად.

პაპუაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, საბოლოოდ დადგება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ამაშია მთელი პარადოქსი. ერთის მხრივ ამბობენ, რომ თითქოს საარჩევნო მიზნები აქვს ამ ყველაფერს. ანუ რა გამოდის, ამით აღიარებენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხისგან მოწონებული კანონპროექტი. სინამდვილეში ხომ ამას აღიარებენ ამ ყველაფრით. თუკი ეს ქართველი ხალხის ინტერესშია, მაშინ რატომ არ უჭერენ მას მხარს. თუკი ეს ქართველი ხალხის მიერ არის მოწონებული, რატომ არ უჭერენ მხარს. გამოდის, რომ ისინი ხელმძღვანელობენ არა ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან, არამედ ხელმძღვანელობენ მათი უცხოელი პატრონების დაკვეთით, კარნახით, წარბის აწევით თუ ა.შ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ სინამდვილეში გვყავს არა პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის სასარგებლო იდეების ჭიდილი იყოს, არამედ მთლიანად უყურებს იმას, რას ეტყვიან გარედან, როგორ საარჩევნო ტაქტიკას დაუსახავენ, რომელ კანონს დაუჭირონ მხარი და რომელს არა.

ამ კანონპროექტზე და პაკეტზე, როგორც ვთქვი, 17 მაისს შედგა ფაქტობრივი სახალხო რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა, არა მხოლოდ ჩვენი სახალხო განხილვების დროს, რომელიც რეგიონებში იყო, არამედ 17 მაისს უკვე ქუჩაში გამოსვლით მხარი დაუჭირა ამ პაკეტს. ამიტომ ახლა ოპოზიციას რაც შეეხება, მათ ერთადერთი შედეგი ექნებათ საბოლოო ჯამში, თუკი მხარს არ დაუჭერენ ამ კანონპროექტს, რომ საბოლოოდ დადგებიან არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი უცხოელი პატრონების მხარეს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი