თბილისში, ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

08 ივნისი 2024, 13:41 337 ნახვა

თბილისში, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე განიხილეს პოტენციური ლოკაციები სტადიონის ასაშენებლად, აგრეთვე, მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური საკითხები. კომისიის წევრებმა ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად.

„შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს იმ სპეციფიკურ მოთხოვნებზე, რომლებსაც ახალი სტადიონი საერთაშორისო, მაღალი რანგის მატჩების მასპინძლობისთვის უნდა აკმაყოფილებდეს. მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია, ამ საკითხზე, ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა.

 

სხდომაზე, ასევე, განიხილეს პროცესში უეფას წარმომადგენლების ჩართვის ინიციატივა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც, ბოლო პერიოდში, ქვეყანას სპორტის არაერთ სახეობაში განსაკუთრებული მიღწევები აქვს, მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

ახალი სტადიონი ქვეყანას მისცემს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანისა და სხვა უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი