გამჭვირვალობის კანონი რეალურად არის სუვერენიტეტის კონსტიტუცია - ირაკლი კობახიძე

06 ივნისი 2024, 14:54 314 ნახვა

გამჭვირვალობის კანონი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით მან არაერთხელ შესთავაზა ყველას საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, თუმცა ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

„კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩემი მზაობა, დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში. ნებისმიერ სუბიექტს მოვუწოდებ, იქნებიან ეს დიპლომატები, უცხოელი პოლიტიკოსები, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები, ახალგაზრდები თუ ნებისმიერი სხვა, ერთად დავსხდეთ, გავმართოთ საჯარო დისკუსია საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, ეს არის ჩემი მოწოდება. სამწუხაროდ, ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას, რადგან გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. შეუძლებელია, უბრალოდ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გქონდეს რაიმე ნეგატიური ობიექტური შეფასება, ამიტომ გაურბიან ისინი საჯარო დისკუსიას ამ თემასთან დაკავშირებით.

 

მინდა, ერთი რამ ვთქვა მკაფიოდ, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი კანონი, ხაზგასმით უნდა ითქვას, ეს არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომ განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, ამ კანონს ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას. ეს კანონი რეალურად არის სუვერენიტეტის კონსტიტუცია, ამიტომ არ მოსწონთ ვიღაც-ვიღაცებს ეს კანონი. ვიღაცებს არ სურთ, რომ იხილონ საქართველო მეტად ძლიერი, მეტად სუვერენული, თუმცა ეს არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ იმ კანონს, რასაც ვუწოდებდი სუვერენიტეტის კონსტიტუციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა.

"ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ლოგიკური. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ყველა გაურბის საჯარო დისკუსიას. არგუმენტები ჩვენს მხარეს არის უამრავი, მათ შორის, ერთ-ერთი არგუმენტი არის საერთაშორისო პრაქტიკა, არგუმენტი არის თვითონ კანონის დახვეწილი შინაარსი. ამის გამო რეალურად ვერავინ შემოდის საჯარო დებატებში. აქედან გამომდინარე, ყველამ უნდა გააკეთოს საკუთარი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გრძელდება უსაგნო, მაგრამ უხეში კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში