საქართველო და სომხეთი 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს გააკეთებენ

05 ივნისი 2024, 15:11 439 ნახვა

საქართველო და სომხეთი 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის FIFA-ში განაცხადს ერთობლივად შეიტანენ - ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა გააკეთეს.

"ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა, რისთვისაც მადლობა ჩემს კოლეგას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ერთობლივად, ორი მეგობარი და მეზობელი, საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყნები ვაპირებთ განაცხადის შეტანას 2029 წლის ფიფას 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და გვიხარია, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ამ პროექტზე. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაგვეხმარება სამომავლოდ საქართველოში და სომხეთში ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. იმედია, გავიმარჯვებთ და ერთობლივად ვუმასპინძლებთ ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს. მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. მათ შორის, გასულ წელს, წარმატებით ვუმასპინძლეთ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ურუგვაის ნაკრებია. 2025 წელს 20-წლამდე მსოფლიო თასს ჩილე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველომ რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩვენს ქვეყანაში ჯგუფური ეტაპის შეხვედრებთან ერთად ფინალური მატჩებიც გაიმართა. ტურნირის ფინალს კი ბათუმმა უმასპინძლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში