გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გუშინ ვანო და ნატალია - სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი.
"გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას. რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვან.
"მუდმივად გვახსენებენ მაიდანს. მინდა, შეგახსენოთ, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას. მაშინ გარედან დაინიშნა უკრაინაში ხელისუფლება და ასეთ დროს ქვეყანაზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა, უკრაინაში რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. მანამდე უკრაინა იყო ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა, იყო აღმავლობის გზაზე, ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი. დღეს ქვეყანა არის განადგურებული, ეკონომიკა არის განადგურებული. რუსეთმა განახორციელა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ათი ათასობით ადამიანი დაღუპული, ასობით ბავშვი და ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? როცა გვახსენებენ მაიდანს საქართველოს კონტექსტში, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც უკრაინას მოუტანა მაიდანმა და რაც ასეთმა პროცესებმა შეიძლება, მოუტანას საქართველოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ. მეორე ფრონტი არის ის, რასაც არ დავშებთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.