საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ხვალიდან ამოქმედდება, თუმცა შესაბამის ორგანიზაციებს პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან ექნებათ.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ყველა ორგანიზაციას, დაემორჩილონ კანონს.
„დღეს მოვაწერე ხელი გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის. 60 დღის შემდეგ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, უკვე დადგება ვალდებულება, დარეგისტრირდნენ პორტალში და შემდეგ დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. კანონი ამოქმედდება ხვალიდანვე, თუმცა რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება ხვალიდან 60 დღეში, დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან.
რაც შეეხება ზოგიერთი ორგანიზაციის განცხადებას კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არის არადემოკრატიული ქცევა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას, მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია, ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი, ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება.
როდესაც ვისმენთ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებს კანონის მიმართ დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ ყველას, ჰკითხოთ ამ ორგანიზაციებს, კანონის ტექსტი თუ არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე. ეს აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, მათ პრობლემა კანონის რომელიმე მუხლთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ იმაში, რომ ხალხისთვის ცნობილი გახდება მათი ფინანსები. ცნობილი გახდება, სად მიდის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომელზეც შიგა და შიგ შევიტყობთ ხოლმე, რომ იხარჯება რადიკალიზმში, მათ შორის ორგანიზაციებში, რომლებიც ბოლო პერიოდში ტერორით, მუქარით არიან დაკავებული. სამწუხაროა, რომ უცხოური დაფინანსება ასოცირდება ასეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ტერორით, მუქარით არიან დაკავებული. ასე რომ, მოვუწოდებ ყველას, მიჰყვნენ კანონის ნორმას, სულისკვეთებას და იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.