გიორგი მიქაუტაძის ''მეციმ'' ლიგა 1-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა. პლეი ოფში „სენტ ეტიენთან“ საპასუხო დრამატული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში 4-3 გამარჯვება და ლიგა 1-ში საგზური „სენტ ეტიენს'' დარჩა.
მე-6 წუთზე დიალოს წითელი ბარათი აჩვენეს და ''მეცი'' 10 ფეხბურთელით დარჩა. ამის მიუხედავად, „მეცმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. მე-17 წუთზე კამარამ ანგარიში გახსნა, 25-ე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად გამოიყენა და მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ „სენტ ეტიენმა“ შეუტია და ათ წუთში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
შეხვედრის ძირითადი დრო 2:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. „სენტ ეტიენმა“ რიცხობრივი უპირატესობით მაინც ისარგებლა – 117-ე წუთზე ვაჯიმ ანგარიში გაათანაბრა და „სენტ ეტიენს“ ლიგა 1-ის საგზური მოუტანა.
გიორგი მიქაუტაძემ სეზონი 22 მატჩით, 14 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა. ის ფრანგულმა კლუბმა ''აიაქსიდან'' გამოისყიდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ზაფხულში ქართველი უფრო ძლიერ გუნდში გადავა.