არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით აეკრძალა

31 მაისი 2024, 17:06 578 ნახვა

“დინამო” ბათუმის პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით აეკრძალა.  გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

“სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ასევე შეისწავლა და განიხილა 2024 წლის 19 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „იბერია 1999“-ს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები.

 

კომიტეტმა ფაქტების შესწავლის შედეგად დაადგინა რიგი დარღვევებისა, მათ შორის ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ",- წერია განცხადებაში.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით: ბათუმის „დინამოს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით.

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელს, ვიქტორ გონსალვესს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით;

ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს ანდრეი დემჩენკოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ათასორასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით;

გარდა ამისა, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათას ორასი ლარის ოდენობით;

“დინამო” ბათუმი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. კლუბი მიმდინარე გათამაშებაში 30 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში