საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ქარტიის” ტექსტს ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ის თავისი არსითა და სულისკვეთებით, ასევე, ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც, დღეს, საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის ცხრა პუნქტს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, ეს ნაბიჯებია:
„პირველი – ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება
დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა.
ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამინისტია.
მეორე – მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა
სასამართლოს გათავისუფლება
გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;
შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
შემოწმება შეეხება ასევე ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:
ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:
დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.
საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:
სხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.
საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
მესამე – რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება:
პროკურატურას
გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით; საპროკურორო საბჭო გაძლიერდება
სუსი/შსს
ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
ანტიკორუფციულ სააგენტოს
გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვავთ კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით.
სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.
ეროვნულ ბანკს
დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით.
გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს.
მარეგულირებელ ორგანოებს
გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
მეოთხე – საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები:
დაიხვეწება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის და ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა
ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - ნათქვამია ქარტიაში.